კორუფციის პრევენცია და ინტერესთა შეუთავსებლობა

შესავალი
თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი საქართველოში ხორციელდება 2017 წლიდან. 2017 წლის 14 თებერვლის მთავრობის განკარგულების შესაბამისად დაიწყო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, რომლის განხორციელება დაეკისრა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს. ბიუროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგს.
დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების საფუძველია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილება – უზრუნველყოს დეკლარაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.
კომისია
ბიუროს უფროსი დეკლარაციების შერჩევისათვის ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 დეკემბრისა, 5 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 2 აკადემიური წრეების, ქმნის კომისიას. კომისია მონიტორინგისათვის დეკლარაციებს შეარჩევს ყოველი წლის 15 იანვრამდე.
კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ აღემატება თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა დეკლარაციებიდან, ხოლო 1/2 – განსაკუთრებული ფაქტორების: განსაკუთრებული კორუფციული რისკის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებითა და თითოეული შერჩეული დეკლარანტის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შესაბამისი დასაბუთებით.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპი
დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს.
შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
დასაბუთებული წერილობითი განცხადება
დასაბუთებული წერილობითი განცხადების ბიუროსთვის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
განცხადების დასაბუთება გულისხმობს იმ ფაქტების მითითებას, ასევე ბიუროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას, რომლებზეც განმცხადებელი აფუძნებს მოთხოვნას, თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების შემოწმებასთან დაკავშირებით.
დასაბუთებული განაცხადის განხილვის შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიურო წყვეტს დაიწყოს თუ არა ადმინისტრაციული წარმოება წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.
დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანა
დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში, ბიუროს მიერ პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბიურო შესაბამის დეკლარაციასა და წარმოების მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს.