თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები
კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია მოახდინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებისა და ფინანსური რესურსების დეკლარირება.
დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება 1998 წლიდან.
2010 წლიდან დეკლარირების პროცესი გახდა ელექტრონული. ონლაინ სისტემაზე გადასვლამ საგრძნობლად გააუმჯობესა და გაამარტივა დეკლარაციის წარდგენის პროცესი. დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენა და წარდგენილი დეკლარაციის გამოქვეყნება (ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის), კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორისათვის, რათა მათ ხელი შეუწყონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
დეკლარირება ხორციელდება დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით (www.declaration.gov.ge), რომლის ადმინისტრირებას ახდენს სსიპ- საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
-პირების თანამდებობაზე დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე, მონაცემების განთავსება დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
-თანამდებობის პირის ინფორმირება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისა და ვადების შესახებ;
-თანამდებობის პირის მიერ დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა;
-ონლაინ-დახმარებისა და ცხელი ხაზის (+995 32 2 192828) მეშვეობით, დეკლარაციის სწორად შევსების უზრუნველყოფა;
-წარდგენილი დეკლარაციის, კანონით დადგენილ ვადაში (48 საათი), საჯაროობის უზრუნველყოფა;
-დეკლარაციის წარდგენისთვის განკუთვნილი ვადების კონტროლი;
-დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რეაგირება;
-თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის სწორად შევსების ინსტრუქციისა და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის მომზადება.
დეკლარაციის წარდგენის საფუძველი
პირი დეკლარაციას წარადგენს:
-თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში;
-თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში;
-თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში;
-თანამდებობის დატოვების მომდევნო წელს წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში;
-პარლამენტის წევრობის კანდიდატი, კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში;
-მოსამართველობის კანდიდატი (რაიონული, საქალაქო, ან სააპელაციო) განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში;
-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან, სამი დღის ვადაში.
-კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ჯარიმის დაკისრებიდან 2 კვირის ვადაში.
პასუხისმგებლობა დეკლარაციის წარუდგენლობისთვის
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.