Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო მოხელის კარიერის მართვა

ადამიანური რესურსების მართვა

მოხელის კარიერული განვითარება და კარიერის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც კანონის პირველივე მუხლშია დეკლარირებული. მოხელის კარიერის მართვის საკითხები, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავი მიეძღვნა, მთლიანად სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ისტორიაში და საფუძველია სტაბილური, პროფესიული, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებისათვის. კარიერის მართვის მოდელზე გადასვლა წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესის მთავარ ამოცანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროფესიონალი კადრების შენარჩუნება საჯარო სამსახურის სისტემაში, მათი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დაფასება და კარიერული განვითარების დაგეგმვა.

საჯარო სამსახურში მოხელის კარიერა იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან და გულისხმობს არა მხოლოდ ერთი დაწესებულების შიგნით, არამედ მთელი საჯარო სამსახურის მასშტაბით: მოხელის კარიერულ განვითარებას დაწესებულების სისტემის შიგნით მოხელის შესაძლო ჰორიზონტალურ მოძრაობას (გადაყვანა), მოხელისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრებას, მოხელის მივლინებას, მოხელის მობილობას, მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, პროფესიულ განვითარებას და სხვა.