2009-2010 წლების სტატისტიკური მონაცემები საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურომ ჩაატარა კვლევა 2009-2010 წელს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულთა შესახებ. აღნიშნული ანალიზი შეიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში არსებულ საჯარო უწყებათა რაოდენობის, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, მათი გენდერული თანაფარდობის, საშუალო ასაკისა და სხვა ტენდენციების შესახებ.

დოკუმენტის ძირითადი მიგნებების თანახმად, საჯარო უწყებათა რაოდენობა 2009-2010 წლებში 234-დან 236-მდე გაიზარდა, ხოლო საჯარო მოხელეთა რაოდენობამ 2009 წელს შეადგინა 27,290, ხოლო 2010 წელს ეს რიცხვი 27,184–მდე შემცირდა. საქართველოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2009 წლისთვის 1,656,100-ს აღწევდა, აქედან 27,290 ადამიანი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს წარმოადგენს. სამინისტროებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა საშუალო ასაკი 2009 წელს – 40 წელს, ხოლო 2010 წლის მონაცემებით 39 წელს შეადგენდა.

საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის ქვეყნის პოპულაციასთან თანაფარდობის საფუძველზე დადგინდა, რომ 2009 წელს 1 საჯარო მოსამსახურე საშუალოდ 339 მოქალაქეს ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლის მონაცემებით, 1 საჯარო მოსამსახურე 321 მოქალაქეს. გენდერული ბალანსი არსებით ცვლილებებს არ განიცდის, მოცემულ ანალიზზე დაყრდნობით, საჯარო სექტორში დასაქმებულ მამაკაცთა რაოდენობა ქალთა რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატება. 2009 წელს საჯარო სამსახურში დასაქმებულ მამაკაცთა რაოდენობა 62%–ს, ხოლო 2010–ში 63%–ს შეადგენდა.

სტატისტიკური ანალიზისა და საჯარო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს.

შენიშვნა: არსებული სტატისტიკა არ ასახავს ინფორმაციას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესახებ მათი სპეციფიკური სტატუსის გათვალისწინებით.

2009-2010 წლის სტატისტიკური მონაცემები საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ