ტრენინგი საჯარო სამსახურის ბიუროს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, 21 ივნისს, სამინისტროების ადამიანური რესურსების მენეჯერებს დასაქმების პორტალის მოხმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ადამიანური რესურსების მენეჯერები ვებ-გვერდის სტრუქტურას, ფუნქციებსა და მასში მუშაობის წესებს გაეცნენ. ტრენინგის მონაწილეებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მოხმარების ინსტრუქცია დაურიგდათ და საშუალება მიეცათ ელექტრონულად, სატესტო ფორმატში განეთასვებინათ ვაკანსიები დასაქმების პორტალზე.

ადამიანური რესურსების პორტალი ეფექტური და მრავალფუნქციური ელექტრონული სისტემაა. ის ორ კომპონენტს აერთიანებს, საჯარო სამსახურში მიმდინარე კონკურსების მონაცემთა ბაზასა და საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზას. სახელმწიფო უწყებას შესაძლებლობა ეძლევა განათავსოს განცხადება არსებული ვაკანსიის შესახებ და სხვადასხვა პარამეტრის (ასაკი, სქესი, პროფესია, სამუშაო გამოცდილება, ა.შ.) მითითებით მოიძიოს სასურველი კანდიდატი პორტალის ელექტრონულ ბაზაში.

დასაქმების მსურველებს კი, საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ბაზაში, შექმნან საკუთარი პირადი გვერდი, განათავსონ CV, გამოიწერონ სიახლეები, განათავსონ კომენტარები და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გაუზიარონ მეგობრებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში (მუხლი 31) განხორციელდა ცვლილება რის თანახმადაც, 2011 წლის 30 ივნისიდან ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) უწყება, ვალდებულია, საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით გამოაცხადოს.

დასაქმების პორტალი მოქნილი, მრავალფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ–გვერდია, რომლის არსებობაც გაზრდის საჯარო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიების საჯაროობას და მარტივს, ეფექტრურსა და გამჭვირვალეს გახდის დასაქმების პროცესს.