სტუდენტების ფოკუს ჯგუფი საჯარო სამსახურში დასაქმების ახალი პორტალის შესახებ


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ორშაბათს, 11 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ფოკუს ჯგუფმა საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების პორტალის ტესტირება მოახდინა.


საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ადამიანური რესურსების პორტალი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. პორტალი ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: საჯარო სამსახურში მიმდინარე კონკურსების მონაცემთა ბაზას და საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზას გააერთიანებს.

საჯარო სამსახურის ბიურომ ფოკუს ჯგუფს პორტალის პრეზენტაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც, სტუდენტებმა, პროგრამაში თავად მუშაობის შემდეგ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები წარმოადგინეს.

ადამიანური რესურსების პორტალი მოქნილი და ინტერაქტიური პროგრამაა რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მონიშნოს მისთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია და გააკეთოს განაცხადი კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამსაქმებელი დაუყოვნებლივ მიიღებს შეტყობინებას. პროგრამა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა საძიებო პარამეტრის გამოყენებით მოახდინოს მისთვის სასურველი კანდიდატის იდენტიფიკაცია.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პორტალით სარგებლობა სავალდებულო იქნება არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისათვისაც.

სტუდენტების მიერ პროგრამის ტესტირება საჯარო სამსახურის ბიუროს საშუალებას მისცემს დახვეწოს, გააუმჯობესოს და უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული გახადოს, შემუშავების პროცესში მყოფი, ადამიანური რესურსების პორტალი.