მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს პირველად მიენიჭა აკრედიტაცია


გააზიარე:


,,მოხელის მენეჯერული უნარები“ და ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ - პროფესიული განვითარების ის საბაზისო პროგრამებია, რომლებსაც პირველად მიენიჭათ აკრედიტაცია. მათი გავლა შესაბამის საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 19 სექტემბერს, მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს პირველ სხდომაზე იქნა მიღებული. პროგრამებს აკრედიტაცია 5 წლის ვადით მიენიჭათ. საბჭოს წევრების, ექსპერტებისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულებების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, შეირჩა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოხელის პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული საბაზისო პროგრამები.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მიღებული კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ასევე პროფესიული განვითარების პროგრამებს. ამ კანონით განისაზღვრა მოხელეთა პროფესიული განვითარების რეგულაციები. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის პროფესიული განვითარებისა თუ გადამზადების პროცესს სისტემური და სავალდებულო სახე მიეცა. თავად აკრედიტაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

საბჭოს პირველ სხდომამდე, 11 სექტემბერს, გაიმართა საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრაც, სადაც განხილულ იქნა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტები, ინდიკატორები და პროგრამების აკრედიტაციის პროცესი.