სემინარი "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში"


Share this Page:


2010 წლის 3-4 ნოემბერს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია-ში”, ჩატარდა სემინარი "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში". სემინარის თანაორგანიზატორები იყვნენ საჯარო სამსახურის ბიურო, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), OECD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი SIGMA და ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. აღნიშნული სემინარის მიზანს წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულმა ახალი “საჯარო სამსახურის კოდექსის” კონცეფციამ.

საერთაშორისო ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირისა და OECD-ის წევრი ქვეყნების საჯარო სამსახურის რეფორმის რელევანტური გამოცდილება და ჩამოაყალიბეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო სამსახურის დახვეწას. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა უცხოელ ექსპერტებსა და საჯარო სამსახურის ბიუროს გააცნეს მათი გამოცდილება, რომელიც ეხებოდა ხელშეკრულებას საჯარო სამსახურში, შეფასებათა სისტემას, მოხელეთა სამსახურში აყვანას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, ახალი “საჯარო სამსახურის კოდექსის” შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისა. დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს სემინარზე გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები.

გამართული სემინარი თამამად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმირებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად.

 

დღის წესრიგი

მონაწილეთა სია

საჯარო სამსახურის ახალი კოდექსის კონცეფცია

საჯარო სამსახურის ახალი კოდექსის პრეზენტაცია